საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განცხადება

მ/წ 22 ივნისს რუსული სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის კუთვნილმა “მი-8” ტიპის ვერტმფრენმა დაარღვია რუსეთის საჰაერო სივრცე და ბესლანიდან სამხრეთით 70 კილომეტრში ყოველგვარი ნებართვისა და გაფრთხილების გარეშე გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი. ამასთან დაკავშირებით სასაზღვრო დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ აღნიშნული ვერტმფრენი და მისი ეკიპაჟი: სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი დავით გულუა სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვ/პოლკოვნიკი კობა ბოჭორიშვილი და სხვა მაღალი რანგის ოფიცრები სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სამხრეთ ოლქის რეგიონული სასაზღვრო სამმართველოს უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ნიკოლაი ლისინსკისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი რიბალკინსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს ჩრდილოეთ ოსეთში ხვდებოდნენ. 
შეხვედრა მიმდინარე წლის 12 მარტს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო უწყებათა შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა. 
ჩრდილოეთ ოსეთში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ქართული მხარის მიერ ოფიციალურად იყო ინფორმირებული რუსეთის მთავრობა, სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელობა. შეხვედრა ითვალისწინებდა ვერტმფრენით საქართველო-რუსეთის საზღვრის (რუსეთის მხრიდან) დათვალიერებას, სასაზღვრო საგუშაგოების მონახულებასა და არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ მხარეს რუსეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. ვერტმფრენის დაკავება გამოიწვია გაუგებრობამ. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ იყო ინფორმირებული რუსეთის სასაზღვრო უწყების მიერ თუ სად, რა პერიმეტრზე გადაკვეთდა ქართული ვერტმფრენი მათ სახელმწიფო საზღვარს. გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრა და ქართული დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა.
 

< -, - >